დეპუტატი: გერმანელმა პოლიტიკოსმა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს და ეკლესიას

დეპუტატის თქმით, როთის მხრიდან მართლმადიდებლობის დაცინვა ნამდვილი თავხედობაა.
Sputnik
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთის განცხადება შეურაცხყოფს ქართველ ხალხს და მართლმადიდებელ ეკლესიას, ასევე ადასტურებს, რომ არსებობენ უცხოური ძალები, რომლებიც საქართველოს ებრძვიან, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
თბილისში ვიზიტით მყოფმა მიხაელ როთმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ხელისუფლების მისამართით განაცხადა, „როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა? ეცადეთ აბა ამის გაკეთება - ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის". მან ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ვიცით, რა არის ნამდვილი ევროპა, მაგრამ არიან უცხოური ძალები, რომლებიც საქართველოს ებრძვიან. სამწუხაროდ, როთის ეს განცხადება შეურაცხყოფს მართლმადიდებელ ეკლესიას, ქართველ ხალხს, რადგან მან ძალიან კარგად იცის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია და დადის მართლმადიდებლურ ეკლესიაში“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
დეპუტატის თქმით, როთის მხრიდან მართლმადიდებლობის დაცინვა ნამდვილი თავხედობაა.
„და ეს ადამიანი ჩამოვიდა სტუმრად. უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა. მართლმადიდებლობასაც შევინარჩუნებთ, სიმშვიდესაც და სუვერენიტეტსაც. ყველას საკადრისს პასუხს გავცემთ", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
სამშაბათს საქართველოში გერმანიის, ჩეხეთის, პოლონეთის, ლიეტუვისა და ფინეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები ჩამოვიდნენ, დღის ბოლოს ისინი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გამოჩნდნენ და შეკრებილთ სიტყვით მიმართეს.
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონპროექტი, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას, მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო.
კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა მისცა 30-მა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებს, თუმცა, პარლამენტს მისი დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.