თბილისი, 15 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 41 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გუშინ, საღამოს, პარლამენტის შენობის წინ საპოლიციო ძალებმა სკანდალური კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე 13 პირი მას შემდეგ დააკავა, რაც პროტესტი კანონის ფარგლებს გასცდა და ძალადობრივი ხასიათი მიიღო.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის არის ნასამართლევი.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა საპროტესტო აქციაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შსს-ს თანამშრომლებს. კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, მან იდაყვისა და მუშტის დარტყმით პოლიციის თანამშრომლებს სახის არეში დაზიანებები მიაყენა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იგი თბილისში დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული პირი გიორგი ოკმელაშვილია, რომელიც სარეკლამო კომპანია „ლიმონის" ერთ-ერთი დამფუძნებელია.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.