თბილისი, 14 მაისი - Sputnik. მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტის შენობასთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მომიტინგეების ნაწილმა შენობის წინ განთავსებული დამცავი ჯებირი დააზიანა. ამ დროისთვის საპოლიციო ძალებმა ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს, მიმდინარეობს დაკავებები.
„მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება. ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან მოყვება შესაბამისი რეაგირება", - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიცია პერიოდულად აკავებს აქციის ყველაზე აქტიურ მონაწილეებს - წინასწარი ინფორმაციით, დილიდან ამ დრომდე დაკავებულია 5 პირი.
თავად პარლამენტი ამოქმედდა უსაფრთხოების წითელი დონე - შენობაში ყოფნა ეკრძალება ყველას, გარდა დეპუტატების და აპარატის თანამშრომლებისა.
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონპროექტი, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას, მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 30-მა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებს, თუმცა, პარლამენტს მისი დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის ჩხუბის ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტის შენობასთან სკანდალური კანონის მოწინააღმდეგეები დილიდან შეიკრიბნენ, მათ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი და შენობის გვერდითა შესასვლელის ბლოკირება სცადეს.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.