სახალხო დამცველი: ძალის გამოყენება არ უნდა გადაიზარდოს მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაში

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში
Sputnik
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე კვლავ დააფიქსირეს პოლიციის მხრიდან მოქალაქეების მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის რამდენიმე ფაქტი.
თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია კვირას, 22:00 საათზე დაიწყო. ადგილზე შსს-ის ძალები დაახლოებით 05:00 საათზე გამოჩნდნენ, რომლებმაც პარლამენტის შენობის შესასვლელის გათავისუფლების შესახებ აქციის მონაწილეებისადმი უშედეგო მოწოდების შემდეგ, დემონსტრანტებისგან ტერიტორია გაათავისუფლეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 20 ადამიანი დააკავეს, მათ შორის სამი უცხოელი.
„სახალხო დამცველი და აპარატის წარმომადგენლები აკვირდებიან პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი", - ნათქვამია ომბუდსმენის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ძალის გამოყენება უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული, მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი ღონისძიების გატარებას და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს მოქალაქეზე მიზანმიმართულ ძალადობასა და ანგარიშსწორებაში.
„ასევე, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მყისიერი რეაგირება მოახდინოს მოცემულ ფაქტებზე; უკვე მიმდინარე გამოძიებები კი ჩაატაროს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, რათა არ გაჩნდეს დაუსჯელობის განცდა, რომელიც წაახალისებს ცალკეულ პოლიციელებს შემდგომი არასამართლებრივი ქმედებებისკენ", - ნათქვამია განცხადებაში.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეების მიმართ სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება უკვე დაიწყო.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის შესაბამისი მუხლით (სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) - „მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია", რაც ითვალისწინებს პატიმრობას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.
მიუხედავად საპროტესტო აქციისა და კანონპროექტის გაწვევის შესახებ მოწოდებისა, საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა იგი მესამე მოსმენით მაინც მიიღო. პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც იგეგმება კანონპროექტის მესამე და საბოლოო მოსმენით მიღება, სამშაბათს არის დაგეგმილი. აღნიშნული ინიციატივის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ პროტესტი არ შეწყდება და იგი ხვალაც გაგრძელდება.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.