ეს „ნაცმოძრაობის“ სტილია - პაპუაშვილი ბლოგერისადმი წაყენებულ ბრალდებებზე

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, უჩა აბაშიძის უკან კონკრეტული დამკვეთები დგანან
Sputnik
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ადამიანების შანტაჟისთვის ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოყენება „ნაცმოძრაობის“ ხელწერა და სტილია, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პროკურატურამ ბლოგერ უჩა აბაშიძეს და მის მეუღლე მარიამ იაშვილს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის ფაქტებზე წარუდგინა ბრალდება. ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა ხდებოდა იაშვილის ბინაში. გამოძიების ცნობით, აღნიშნული ბინა აღჭურვილი იყო შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა თავად იაშვილის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას.
ორივე ბრალდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების აქტიური მონაწილეა. აბაშიძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ასევე ამოიღო უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა.
„ის, რაც ჩვენ დავინახეთ, „ნაციონალური მოძრაობის" სტილია. ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები, რომელიც, როგორც ჩანს, შემდეგ გამოიყენებოდა შანტაჟისთვის, ეს ზუსტად არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, რომელიც მათ 2012 წლამდე ჰქონდათ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობის" მმართველობის პერიოდში მათ ვიდეოფაილების მთელი ბაზა შექმნეს, რითაც შემდეგ აშანტაჟებდნენ ადამიანებს.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, უჩა აბაშიძის უკან კონკრეტული დამკვეთები დგანან, რაც ადამიანის პირადი ინიციატივისგან შორსაა.
„ვინაიდან ახლა ხელისუფლებაში არ არიან, თავიანთი საცეცებით ახლა უკვე კერძო ინიციატივით აგროვებენ ასეთ ფაილებს. მნიშვნელოვანია, რომ შშს-მ შეისწავლოს, ვინ დგას ამის უკან დამკვეთების სახით, ვინაიდან ეს, რა თქმა უნდა, არ არის კერძო, ერთი ადამიანის თავში დაბადებული იდეა, რომ შეეგროვებინა ფარულად სხვისი ინტიმური ცხოვრების ამსახველი კადრები, არამედ აქ დგას ცალსახად რაღაც მიზანი, რომელიც სპეცსამსახურების სტილშია იმისთვის, რომ აშანტაჟონ ადამიანები", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, შანტაჟის ობიექტებს შორის არიან საზოგადოებისთვის ცნობადი სახეებიც და ის, რომ ინტიმური შინაარსის ვიდეოკადრებში აღბეჭდილია თავად უჩა აბაშიძის ცოლიც, უბრალოდ „ამაზრზენია“.
„კიდევ ერთი საკითხია მნიშვნელოვანი. დაკავების დროს ჩვენ ვნახეთ სპონტანურად თუ როგორ დაორგანიზდნენ ის ადამიანები, რომლებიც არიან დღეს ე.წ. სამოქალაქო აქტივიზმის ლიდერები და თავად უჩა აბაშიძეც გამოცხადებული ჰყავდათ, როგორც ამ სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის ერთ-ერთი ლიდერი. ვნახეთ, რომ ისინი ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ პოლიციისთვის მის დაკავებაში", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის ვარაუდით, გარკვეულმა პირებმა იცოდნენ თუ რასთან ჰქონდათ საქმე და აბაშიძის დაკავებას რა დანაშაულის გამჟღავნება მოჰყვებოდა.
ბლოგერი უჩა აბაშიძე 9 მაისის ღამეს მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციამ იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე კიბერშეტევის საქმის ფარგლებში აბაშიძის სახლის ჩხრეკისას იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინა - ამოღებულ იარაღებს შორის არის აირსოფტის იარაღებიც.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.