ილია მეორე: მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს

კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლს მოუწოდებს საქრთველოსთვის ილოცოს
Sputnik
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. დღეს კვირაცხოვლობაა, გამორჩეული დღე და მინდა გთხოვოთ, რომ დღეიდან კიდევ უფრო გავაძლიეროთ ლოცვა საქართველოსთვის, ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის მიმართვაში, რომელსაც საპატრიარქოს პრეს-სამსახური ავრცელებს.
ქართული ეკლესია 12 მაისს წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის ხსენების და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს აღნიშნავს. გარდა ამისა, მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობის დღესასწაულსაც აღნიშნავს.
კვირაცხოვლობა — აღდგომის განახლებაა, ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია. ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან.
„გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის განახლებას, კვირაცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს; ხსენებას წმ. თომა მოციქულისა, საქართველოში ქრისტეს პირველი მქადაგებლის, წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და ქრისტეს რწმენისთვის ლაზეთში მოწყვეტილ 300 მოწამეთა; ასევე, ღვთისმშობლის წილხვდომილობის ზეიმს!", - ნათქვამია მიმართვაში.
როგორც ილია მეორემ ბრძანა, ამჟამად საქართველო თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის, მშვიდობა ყველას სურს, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად რთულია, რადგან „არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა - ყოვლადწმინდა სამება".
„შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, როგორც ანანია, აზარია და მისაელი გადაარჩინა მან უდიდეს განსაცდელს, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა და ერთობით გვაკურთხოს", - ნათქვამია განცხადებაში.