თბილისი, 12 მაისი – Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ამჟამინდელი სახით მიღების შემთხვევაში იგი სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
საქართველოს პარლამენტმა უახლოეს მომავალში სკანდალური კანონპროექტი მესამე მოსმენით უნდა დაამტკიცოს. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ გამოიყენებს ვეტოს უფლებას და კანონპროექტს, შესაბამისი შენიშვნებით, პარლამენტს დაუბრუნებს.
„საქართველოში კანონები საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს და არა სხვა ვინმემ, მაგრამ ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის პასუხისმგებლობაა განვმარტო თუ რა შედეგები მოჰყვება ამ კანონპროექტის მიღებას. კიდევ ერთხელ განვაცხადებ, რომ კანონის ამჟამინდელი სახით მიღების შემთხვევაში, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. სწორედ ამიტომ გვინდა ხელისუფლებას დავეხმაროთ არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მზად არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მას შემდეგ შეცვალოს, როგორც კი პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს, თუმცა, ევროკავშირის მხრიდან კონსტრუქციული წინადადებების შემთხვევაში.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში არის ორი კვირა, როცა ყველა საკითხის განხილვა და შეჯერებაა შესაძლებელი ევროკავშირის წარმომადგენლებთან. მისი თქმით, მმართველი პარტია მზადაა კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი შენიშვნები გაითვალისწინოს.
აშშ-სა და ევროკავშირში საქართველოს არაერთმა საერთაშორისო პარტნიორმა განაცხადა, რომ საქართველოს შემდგომი პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საფრთხის ქვეშაა, მიზეზი კი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სურვილია მიიღოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
3 მაისს ვენეციის კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაცია საქართველოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ დაჩქარებული წესით მოსაზრებას ამზადებს და გამოაქვეყნებს მას უახლოეს კვირებში, რათა პარლამენტმა მისი განხილვა კანონის საბოლოო მიღებამდე მოასწროს.
15 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ვენეციის კომისიას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე მოსაზრების მომზადება სთხოვა. მიმართვის მიზანი გახდა PACE-ს საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლების, კლოდ კერნის და ედიტ ესტრელის შეშფოთება კანონპროექტის ხელახალი ინიცირების გამო.
„ჩვენ ვიცით, რომ ვენეციის კომისიას სთხოვეს, წარმოადგინოს თავისი სამართლებრივი მოსაზრება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიას არავითარი კავშირი არ აქვს ევროკავშირთან, ეს არის ევროსაბჭოს ორგანო, საქართველო არის ევროსაბჭოს სრულუფლებიანი წევრი. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ იურიდიული დასკვნა ძალიან მალე გამოქვეყნდება და საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტი იქნება, როგორ იმოქმედოს ვენეციის კომისიის ამ მოსაზრების შემდეგ“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
სადავო კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
თბილისში 15 აპრილიდან სკანდალური კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები იმართება, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევას მოითხოვენ. მათი თქმით, ინიცირებული კანონპროექტი „ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ.
კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.