უჩა აბაშიძეს და მის ცოლს პატიმრობა შეეფარდათ

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის ორი მუხლით: „პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვა“ და „ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა“
Sputnik
თბილისი, 12 მაისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლე მარიამ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
დღევანდელ სასამართლო სხდომას ორივე ბრალდებული ესწრებოდა. პროცესზე მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გაიზიარა როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროცესი დახურა.
პროცესზე დაკავებულებმა მათ მიმართ განხორციელებულ სავარაუდო დამამცირებელ მოპყრობაზე ისაუბრეს.
პოლიციამ უჩა აბაშიძე 9 მაისს იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. აბაშიძის მეუღლე მარიამ იაშვილი კი 11 მაისს დააკავეს, რომელსაც გამოძიება უჩა აბაშიძესთან ერთად სხვადასხვა ადამიანებთან ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვებასა და შენახვას ედავება.
ცოლ-ქმარს საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აბაშიძემ მეუღლესთან ერთად სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა განიზრახა. აღნიშნულის მიზნით, იაშვილის საცხოვრებელი ბინა აღჭურვეს შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას.
ათეულობით ჩამწერი მოწყობილობა დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი ბინის ოთახებში, მათ შორის, საძინებელში და ფარულად იყო განთავსებული სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ნივთებში.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ იაშვილის საკონტაქტო მონაცემები სექსუალური მომსახურების სხვადასხვა ინტერნეტ-საიტებზე იყო გამოქვეყნებული, სადაც მისი მხრიდან სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდებოდა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება და იგი მივიდოდა ბინაში, ბრალდებულები, აღნიშნული პირისგან მალულად, სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად, უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს.
პროკურატურის ინფორმაციით, 2019 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში განხორციელდა ასობით სხვადასხვა პირის სქესობრივი კავშირის ამსახველი ათასობით ვიდეო-აუდიო მასალის ჩაწერა. გამოძიების მიერ უკვე იდენტიფიცირებულია რამდენიმე პირი, რომელთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ჩანაწერებიც უკანონოდ ინახებოდა ბრალდებულთა კომპიუტერულ ტექნიკასა და ელექტრონული ინფორმაციის შემნახველ მოწყობილობებში. ამ პირებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ.
გამოძიება სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა.