თბილისი, 11 მაისი - Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მძღოლმა არ გაატარა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი, რომელიც შემხვედრ ზოლში გადაადგილდებოდა. ავტობუსიდან გადმოსული პოლიციელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. სოციალურ ქსელში ცემის ამსახველი კადრები გავრცელდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობის გამოყენებით“.
უწყების ცნობით, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და საქმეზე კანონიერი, სამართლებრივი გადაწყვეტილების მისაღებად.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. მათი ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი ოპერატიული დავალების მიზნით, სპეციალური შუქურის გამოყენებით გადაადგილდებოდა გზის სავალ ნაწილზე, რა დროსაც საავტომობილო გზაზე მოძრავმა ერთ-ერთი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა, 33 წლის მამაკაცმა არ გაითვალისწინა სამართალდამცველების თხოვნა გაეტარებინა მანქანა და ხელი შეუშალა მათ გადაადგილებაში.
„მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსი შეეცადა გადაადგილების მიზნით გვერდი აევლო აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისთვის, მძღოლმა და მისმა თანმხლებმა პირებმა არ მისცეს ავტობუსს აღნიშნულის საშუალება, რასაც მოჰყვა მათსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმე შემდგომი მოკვლევის მიზნით გადაგზავნილია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
წყარო - შსს