თბილისი, 11 მაისი - Sputnik. ბლოგერმა უჩა აბაშიძემ და მისმა ცოლმა მარიამ იაშვილმა სხვადასხვა პირების ინტიმური კავშირის ამსახველი მასალები უკანონოდ მოიპოვეს და შეინახეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 9 მაისს სამართალდამცველებმა 39 წლის უჩა აბაშიძისა და მასთან კანონიერ ქორწინებაში მყოფი, 37 წლის მარი იაშვილის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს.
შსს-ს მტკიცებით, აბაშიძემ მეუღლესთან ერთად სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა განიზრახა. აღნიშნულის მიზნით, იაშვილის საცხოვრებელი ბინა აღჭურვეს შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჩამწერი მოწყობილობები დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი ბინის ოთახის სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ტექნიკაში.
„ამასთანავე, მ.ი.-ს საკონტაქტო მონაცემები განთავსებული ჰქონდა იმ ინტერნეტ ვებ-გვერდებზე, სადაც სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა პირებმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში შეინახეს ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია.
უწყების ცნობით, ფირებზე აღბეჭდილნი არიან როგორც საქართველოს, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. ასევე ჩანაწერებში ფიგურირებენ საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც, რომელთა გადაღებაც ხორციელდებოდა უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ჩხრეკის შედეგად თბილისში, აბაშიძის 22 ნომერში მდებარე უჩა აბაშიძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღო:
მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, ფოტოაპარატი, გარე მეხსიერების ბარათები, ე.წ. ვინჩესტერები, ასევე ვიდეორეგისტრატორი, დრონები, ვიდეო სამეთვალყურეო კამერები, მეხსიერების ბარათები, ხმის ჩამწერი მოწყობილობა, ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა , ოპტიკა და ა.შ. ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები და სხვადასხვა სპეციალური საშუალებები, გარდა ამისა ამოღებული იქნა სამხედრო დანიშნულების ვაზნები, რომლებსაც დაკავებული უკანონოდ ინახავდა.
საქმეზე დანიშნული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული იარაღები და ვაზნები განეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
რაც შეეხება აბაშიძის მეუღლეს, მისი საცხოვრებელი ბინიდან სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის კომპიუტერული და ტექნიკური მოწყობილობები, ასევე მეხსიერების ბარათები ამოიღეს.
ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოწყობილობებიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, რომლის შესწავლისა და დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ როგორც აბაშიძის კომპიუტერულ ტექნიკაში, ასევე მისი მეუღლის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობებში ინახებოდა უკანონოდ მოპოვებული პორნოგრაფიული ხასიათის ვიზუალური მასალები, რომლებიც ასევე შეიცავდა პირადი ცხოვრების საიდუმლოს.
მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის კომპლექსური, ჰაბიდოსკოპიური და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზები.
უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში ამოღებულია დიდი რაოდენობით პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინტიმური შინაარსის მქონე ფაილები, რომელთა შესწავლა გრძელდება დაზარალებული პირების იდენტიფიცირებისა და მათთან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.