შსს საპროტესტო აქციებზე დაკავებების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ბოლო პერიოდში თბილისში გამართული აქციები არაერთხელ გასცდა კანონიერების ფარგლებს, აცხადებენ უწყებაში.
Sputnik
თბილისი, 9 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 8-9 მაისს 6 ადამიანი დააკავა, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის სულხან თამაზაშვილმა ბრიფინგზე.
თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება. ოპოზიციისა და მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მეგობრებსა და მტრებს ერთ სიბრტყეზე აყენებს და აფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას. სკანდალური კანონის არმიღებისკენ ხელისუფლებას დასავლეთმაც მოუწოდა.
თამაზაშვილის განცხადებით, აქციების პერიოდში პოლიტიკური ლიდერები, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არაერთხელ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.
აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგანს, მათ შორის ბოთლებს, ქვებს, მხუთავ და ცრემლსადენ ნივთიერებას და რკინის ნაჭრებს ისროდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის ეზოში, სადაც იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ასევე განთავსებული იყო სამინისტროს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები.
„აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების შედეგად, დაზიანებები მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს შვიდმა თანამშრომელმა, აქედან ერთს გაუკეთდა ოპერაცია და ამ დრომდე აგრძელებს მკურნალობას”, - განაცხადა თამაზაშვილმა.
გამოძიების ინფორმაციით, 16 აპრილს, აქციის მიმდინარეობისას, ერთ-ერთმა დაკავებულმა სამართალდამცველთა მიმართულებით ისროლა ბლაგვი საგანი, რის შედეგად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა თვალის არეში დაზიანება მიიღო.
ამავე დღეს ერთ-ერთმა დაკავებულმა პირმა დააზიანა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტომობილი.
1-2 მაისს, მიმდინარე აქციის დროს, დაკავებულთაგან ორმა პირმა დააზიანა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის ვიდეო სამეთვალყურეო კამერები.
1 მაისს ერთ-ერთმა დაკავებულმა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის დროს დააზიანა პარლამენტის ჭიშკარი, ასევე, ისროლა ქვა პარლამენტის ეზოში მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით, რის შედეგად დაზიანება მიიღო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველმა.
ასევე, 1 მაისს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთმა პირმა დააზიანა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობაზე დამონტაჟებული გარე სამეთვალყურეო კამერა.
თამაზაშვილის თქმით, ამ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187- ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ყველა შესაბამის საგამოძიებო მოქმედებას იმ პირების დადგენისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც მიმდინარე აქციების დროს განახორციელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები”, - განაცხადა თამაზაშვილმა.
სკანდალური კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები. მათი თქმით, ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციაზე ნეგატიურად იმოქმედებს.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
საპროტესტო აქციაზე არეულობის დროს ათობით ადამიანი დაშავდა, რომელთა უმეტესობას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. შსს-ს ინფორმაციით, დაშავდა ექვსი სამართალდამცველი, 63 მომიტინგე კი დააკავეს.