თბილისი, 9 მაისი — Sputnik.საქართველომ უდიდესი მსხვერპლი გაიღო ბოროტის დასაძლევად, ხოლო ქართველი ჯარისკაცების თავდადება მეორე მსოფლიო ომში განუზომელია, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
საქართველო 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს. მეოთხე წელია, 9 მაისს ომის ვეტერანები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის პარკი) იკრიბებიან და არა ვაკის პარკში, როგორც ეს მრავალი წლის განმავლობაში ხდებოდა. ვაკის პარკში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.
„გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! განსაკუთრებით ვულოცავ მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, რომლებმაც თავისი ბრძოლით და თავდადებით მოიპოვეს კაცობრიობის უსასტიკეს მტერზე გამარჯვება. საქართველომ უდიდესი მსხვერპლი გაიღო ბოროტის დასაძლევად. ქართველი ჯარისკაცების თავდადება მეორე მსოფლიო ომში განუზომელია, ისევე, როგორც თანამედროვე მსოფლიოს არაერთ მისიასა თუ სამხედრო ოპერაციაში”, - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მსოფლიო დღესაც დგას უდიდესი გამოწვევების წინაშე. ამიტომაც, პაპუაშვილის თქმით, მშვიდობის შენარჩუნება და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მთავარ ამოცანად რჩება.
„ჩვენი ვალია, აღარასდროს დავუშვათ ბოროტების ზეიმი, სიკვდილის სიცოცხლეზე გამარჯვება. ფაშიზმზე კაცობრიობის გამარჯვების ამ დღეს მინდა ვუსურვო ჩვენ ქვეყანას და სრულიად მსოფლიოს მშვიდობა და კიდევ ერთხელ მშვიდობა!” - აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოს ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, საქართველომ ფრონტზე 700 ათასი მებრძოლი გააგზავნა, საიდანაც სახლში მხოლოდ 300 ათასი დაბრუნდა. ათიათასობით ქართველი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, მათგან 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.