თბილისი, 9 მაისი – Sputnik. საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ – 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.
დღეისათვის საქართველოში 66 ვეტერანი ცხოვრობს.
საქართველოს მთავრობა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების 79 წლისთავთან დაკავშირებით ერთჯერადად 2 ათას ლარს გადასცემს. ფრონტზე დაღუპული ომის ვეტერანთა ოჯახები კი მიიღებენ ერთჯერად დახმარებას ათასი ლარის ოდენობით.
მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.