სანადირო ხრახნილლულიანი იარაღის სავალდებულო ბალისტიკური შემოწმების ვადა გახანგრძლივდა

თავდაცვის იარაღად ითვლება ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის საერთო სიგრძე 55 სანტიმეტრზე ნაკლებია
Sputnik
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. სანადირო ხრახნილლულიანი, მათ შორის, კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღის სავალდებულო ბალისტიკური შემოწმების ვადა 2024 წლის 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა, განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.
იარაღის მესაკუთრე ვალდებულია ბალისტიკური შემოწმების მიზნით მომსახურების სააგენტოში წარადგინოს მის სახელზე რეგისტრირებული იარაღი. იარაღის მესაკუთრე ბალისტიკური შემოწმებისთვის დაწესებული საფასურისგან თავისუფლდება.
აღნიშნული ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა, რეგისტრაცია და რეგისტრაციის შედეგად გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა იურიდიული ძალის არმქონედ მიიჩნევა და გამოიწვევს იარაღის მესაკუთრისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.
სამოქალაქო იარაღის დაშვებული სახეობები
სამოქალაქო იარაღად კანონით ითვლება: თავდაცვის იარაღი, სპორტული იარაღი, სანადირო იარაღი, საკოლექციო იარაღი, სასიგნალო იარაღი, კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღი.
თავდაცვის იარაღად ითვლება ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის საერთო სიგრძე 55 სანტიმეტრზე ნაკლებია, გაზის იარაღი და სხვა.