Georgian Wings-მა თბილისი-პრაღის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო

Georgian Wings ქართული ავიაკომპანია Geo Sky-ს სამგზავრო მიმართულებაა.
Sputnik
თბილისი, 8 მაისი— Sputnik. ქართულმა ავიაკომპანია Georgian Wings-მა 2024 წლის 7 მაისს თბილისის-პრაღა-თბილისის მიმართულები პირველი რეისი შეასრულა, ნათქვამია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფრენები კვირაში ორჯერ - სამშაბათობითა და შაბათობით შესრულდება. მგზავრებს მოემსახურება 148 ადგილზე გათვლილი Boeing 737.
Georgian Wings ქართული ავიაკომპანია Geo Sky-ს სამგზავრო მიმართულებაა. ამ დროისთვის ავიაკომპანია ფრენებს შვიდი საერთაშორისო მიმართულებით ახორციელებს.
ავიაკომპანია მაისის განმავლობაში თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით მგზავრებს ავიაბილეთებზე სპეციალურ ფასს სთავაზობს. ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ავიაკომპანიის ვებგვერდზე, ისე ტურისტულ სააგენტოებსა და ავია-სალაროებში.
საინაუგურაციო ფრენის ღონისძიებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პეტრ კუბერნატი ესწრებოდა.
„აღნიშნული მიმართულების დანიშვნა განპირობებულია ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე. პრაღა საქართველოში ერთ-ერთი ტურისტულად ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა და არსებული ფრენები საშუალებას მისცემს მგზავრებს, დაგეგმონ მოგზაურობა და დასვენება პირდაპირი ფრენებით“, – განაცხადა ავიაკომპანიის პრეზიდენტმა შალვა კიკნაძემ.
ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩის თეა მაისურაძის განცხადებით ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სასიხარულოა, რომ განახლდა პირდაპირი ავიამიმოსვლა თბილისსა და პრაღას შორის.
„დაახლოებით ხუთწლიანი შუალედის შემდეგ ავიაკომპანია Georgian Wings-მა მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს ფრენები ამ მიმართულებით, რაც თავისთავად ძალიან კარგია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით. ხელს შეუწყობს ტურიზმს, ეკონომიკურ ურთიერთობებს, ინვესტიციებს და მოსახლეობას შორის კიდევ უფრო დაახლოებას. მე, როგორც ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში, ძალიან მოხარული ვარ ამ ფაქტით”, - აღნიშნა მაისურაძემ.
ავიაკომპანია Geosky 2017 წელს დაფუძნდა და წარმატებით საქმიანობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ავიაკომპანიის საქმიანობის სფერო სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებია.