უხვმა ნალექმა თბილისში პრობლემები შექმნა

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში წვიმიანი ამინდი 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება.
Sputnik
თბილისი, 7 მაისი - Sputnik. უხვმა ნალექმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, უამინდობამ განსაკუთრებით დააზარალა გლდანის რაიონი. კერძოდ, მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები.
ამასთან, თბილისის მასშტაბით რამდენიმე მისამართზე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, წაიქცა ხე და ჩამოიშალა ფერდი.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყველა რაიონში, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, გამგეობებისა და მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები.
პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, დარეკონ თბილისის მერიის „ცხელ ხაზზე" - 2722222.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში წვიმიანი ამინდი 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება.