თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისში 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის დარბევის დროს დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის პროცედურული ნაწილი - კონვენციის ამ მუხლით აკრძალულია არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა.
2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ ანტირუსული საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა და მანიფესტანტების სასტიკი დარბევით დასრულდა. შეტაკებების შედეგად დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი. სახის არეში რეზინის ტყვიების მოხვედრის გამო რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა.
„2019 წლის ივნისში გამართული აქციები დროს პოლიციის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიებისა და საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქციის დაშლის დროს, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიერ მიღებული სხეულის დაზიანების საქმეზე 4,5 წლის განმავლობაში მიმდინარე გამოძიება არაეფექტურია,“ – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ კომპენსაციის სახით საქართველოს 4 მოქალაქეს 15 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს, 18 მოქალაქეს 5-5 ათასი ევრო, კიდევ ორ მომჩივანს კი 1,8 ათასი ევრო - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სულ 26-მა მოქალაქემ მიმართა.
ამასთან, სასამართლომ თავი შეიკავა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის არსებით ნაწილზე, ასევე მეათე მუხლის (აზრის გამოხატვის თავისუფლება) და მეთერთმეტე მუხლის (შეკრების თავისუფლება) შესაძლო დარღვევის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისგან.
„სასამართლომ თავი შეიკავა ამ მუხლებზე გადაწყვეტილების მიღებისგან, გაითვალისწინა რა მიმდინარე გამოძიების მასშტაბი და შიდა სახელმწიფო დონეზე ფაქტობრივი ელემენტების შემდგომი გარკვევის საჭიროება, ასევე სუბსიდირებისა და პასუხისმგებლობის გაზიარების პრინციპის მნიშვნელობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სტრასბურგის სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა მოქალაქეთა სარჩელის ნაწილი, რომელშიც მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ სახელმწიფომ ასევე დაარღვია ევროპული კონვენციის 38-ე მუხლი, რომელიც საქმის განხილვას ეხება.
ასევე, სასამართლომ დაადგინა, რომ ევროპული კონვენციის მე-13 მუხლის (ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლება) დარღვევის გამოკვლევის საჭიროება არ დგას.