თბილისი, 7 მაისი — Sputnik. პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას ორშაბათს, 13 მაისს მიუბრუნდება, განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
ოხანაშვილმა მედიას მოუწოდა არ გაავრცელონ დეზინფორმაცია და აღნიშნა, რომ პარასკევს, 10 მაისს დეპუტატები გააგრძელებენ მუშაობას მხოლოდ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული ცხრა პუნქტიდან.
„ამიტომ, კომიტეტის სხდომაზე განიხილება მხოლოდ ევროკავშირის ცხრა პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მეორე მოსმენით. გამჭვირვალობის კანონპროექტს განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს. ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას", - დაწერა სოციალურ ქსელში ოხანაშვილმა.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები. მათი თქმით, ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციაზე ნეგატიურად იმოქმედებს.