„ნაცმოძრაობის" ლიდერი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს

ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მას ფიზიკურად ათობით სპეცრაზმელი გაუსწორდა
Sputnik
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დროს დაშავებული ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გამომძიებლის სატელეფონო ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს, ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
„ნაცმოძრაობის" ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე 30 აპრილს დაშავდა. შსს-ს ცნობით, ხაბეიშვილი საპროტესტო აქციაზე პოლიციისთვის ხელისშეშლის მიზნით პოლიციის კორდონში შეიჭრა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება.
„მიმდინარე საქმის ფარგლებში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 1-ელ მაისს დაიწყო გამოძიება აქციაზე დაშავებული ლევან ხაბეიშვილის ეპიზოდთან დაკავშირებით. ლევან ხაბეიშვილთან დაუყოვნებლივ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია მისი გამოკითხვის მიზნით, თუმცა, მან გამომძიებლის სატელეფონო ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყებაში განმარტეს, 3 მაისს ლევან ხაბეიშვილს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ჩაბარდათ უწყება საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვის მიზნით დაბარებასთან დაკავშირებით, რაზედაც პასუხი არ მიუღიათ.
„გამოძიების ეტაპზე დათვალიერდა ის ლოკაცია, სადაც ადგილი ჰქონდა სპეცრაზმელებსა და ლევან ხაბეიშვილს შორის მომხდარ ინციდენტს, იდენტიფიცირებული იქნა შემთხვევის ადგილზე განთავსებული გამოძიებისთვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. სასამართლოში წარდგენილი იქნა შუამდგომლობა საქართველოს ეროვნული გალერეის და მის მიმდებარედ განთავსებული ობიექტების ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, სამედიცინო კლინიკაში გაგზავნილი იქნა წერილი ლევან ხაბეიშვილის სამედიცინო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, შემდგომში ამოღების და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის მიერ ასევე მოთხოვნილი იქნა სამედიცინო კლინიკის ჩანაწერების შენახვა/დაარქივება, შემდგომში გამოთხოვის მიზნით; შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა წერილი ლევან ხაბეიშვილთან შემხებლობაში მყოფი სამართალდამცავთა ვინაობის თაობაზე.
ინგოროყვას კლინიკის ექიმის, კახა ჭელიძის თქმით, ხაბეიშვილს ცხვირის ძვლების მოტეხილობა, თვალისა და წარბის დაზიანებები აღენიშნება. მას ოპერაცია დასჭირდა.
ოპოზიციონერის თანაპარტიელები აცხადებენ, რომ დეპუტატი მაშინ დააკავეს, როცა ის ერთ-ერთ მომიტინგეს ეხმარებოდა, და შემდეგ სცემეს. თავად ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მას ათობით სპეცრაზმელმა სცემა.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
საპროტესტო აქციაზე არეულობის დროს ათობით ადამიანი დაშავდა, რომელთა უმეტესობას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. შსს-ს ინფორმაციით, დაშავდა ექვსი სამართალდამცველი, 63 მომიტინგე კი დააკავეს.
დეპუტატები რეზონანსული კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას მომავალ კვირაში მიუბრუნდებიან. წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ.
რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, იგი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები. მათი თქმით, ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციაზე ნეგატიურად იმოქმედებს.