ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მიწის მასა ჩამოიშალა: საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში წვიმიანი ამინდი 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება.
Sputnik
თბილისი, 7 მაისი - Sputnik. თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სადაც კლდოვანი ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, უხვი ნალექის გამო მიწის მასა ჩამოიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს 18:00 საათამდე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის გამოყენებით.
თბილისის მერია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.
უხვმა ნალექმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. თბილისის მასშტაბით რამდენიმე მისამართზე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, წაიქცა ხე და ჩამოიშალა ფერდი. ასევე მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში წვიმიანი ამინდი 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება.