შვეიცარიაში ავეჯის ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

44 წლის ქართველი შენობაში სავენტილაციო შახტის მეშვეობით შევიდა.
Sputnik
თბილისი, 6 მაისი - Sputnik. შვეიცარიის ქალაქ ციურიხში სამართალდამცველებმა ავეჯის ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“ გერმანული მედიაზე დაყრდნობით.
მედიის ცნობით, ავეჯის მაღაზიის თანამშრომლებმა ციურიხის პოლიციას მაღაზიაში შეჭრისა და იქ მყოფი პირის შესახებ შეატყობინეს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, 44 წლის ქართველი შენობაში სავენტილაციო შახტის მეშვეობით შევიდა. პოლიციის მისვლის დროს ის ჯერ კიდევ შიგნით იმყოფებოდა და გაქცევას ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო. მას მაღაზიაში პოლიციის მოსამსახურე ძაღლმა მიაკვლია.
დაკავებული პოლიციამ სამედიცინო შემოწმების შემდეგ დაკითხა და პროკურატურაში გადაიყვანა.