თბილისი, 4 მაისი - Sputnik. იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.
მანამდე იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილოს მესამემ საგანგებო ლოცვები შეასრულა, გარდამოსვლის შემდეგ კი ცეცხლი მაცხოვრის საფლავიდან გამოიტანა.
მანამდე იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, საფლავზე შესვლის წინ, ტრადიციისამებრ გაჩხრიკეს სხვადასხვა კონფესიების სასულიერო პირებმა.
წელს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე, მაცხოვრის საფლავის ტაძარში შესასვლელად, უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გაძლიერებული იყო. რიტუალზე დასწრება მხოლოდ იმ მომლოცველებმა შეძლეს, ვისაც სპეციალური აკრედიტაცია ჰქონდათ.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან ქართველი მომლოცველებიც, რომლებიც წმინდა ცეცხლს საქართველოში 23:40 საათზე ჩამოაბრძანებენ. ცეცხლი ტაძრებში სააღდგომო ლიტურგიაზე გავრცელდება, საიდანაც მრევლი მის შინ წაღებას შეძლებს.
ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.