თბილისი, 2 მაისი – Sputnik. პოლიტიკური უმცირესობა გარედან მიღებული „შავი ფულით“ ცდილობს ქართული პოლიტიკის ფორმირებას, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.
თბილისში 15 აპრილიდან იმართება აქციები, რომელთა მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას აპროტესტებენ. ბოლო ორი დღის განმავლობაში მშვიდობიანი საპროტესტო აქციები საღამოს არეულობაში გადაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში სამინისტროს შვიდი თანამშრომელი დაშავდა.
საპროტესტო აქციებმა ძალადობრივი ხასიათი მას შემდეგ მიიღო, რაც საკამათო კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა დაიწყო (30 აპრილი და 1 მაისი). 1 მაისს საღამოს კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს. ოპოზიციამ კანონს მხარი არ დაუჭირა.
„შავი ფულით" ცდილობენ, გარედან შიგნით, ქართული პოლიტიკის ფორმირებას, რაც დაუშვებელია“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
მისი თქმით, პარლამენტთან 1 მაისს ჩატარებულ აქციაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე პოლიტიკურმა უმცირესობამ უნდა აიღოს.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ეს ადამიანები საკუთარ თავზე არ არიან დამოკიდებული.
„ჩვენ გუშინ ვნახეთ პოლიტიკური უმცირესობის კიდევ ერთი რადიკალური ქმედება საკუთარი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს წინ. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს უმცირესობამ, მაგრამ პასუხისმგებლობის აღებას სჭირდება პასუხისმგებლობა, რომელიც მათ არ აქვთ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს, ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.