თბილისი, 1 მაისი – Sputnik. ბრძოლა უკვე მიმდინარეობს არა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ, არამედ მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოსაგებად, ყველა იმ კანონის გაუქმებისთვის, რომელიც საქართველოს ევროკავშირს აშორებს, ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს.
საქართველოს პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აქციის მონაწილეები შენობის ეზოში სხვადასხვა მხრიდან ისვრიან ქვებს, ბოთლებს და სხვა ნივთებს, შსს-ს წარმომადგენლები კი ეზოდან ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს იყენებენ. ახალგაზრდებმა პარლამენტთან ცეცხლი დაანთეს და ბარიკადები აღმართეს.
„მინდა, ამავე დროს მივმართო იმ გულანთებულ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს ამ დონეზე თავიანთ ენერგიას გვიზიარებენ. მინდა, მივმართო მათ, რომ რაღაცები არ არის საჭირო. დაანებეთ თავი პარლამენტის კარს, იქ არაფერი აღარ ხდება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ძალოვანები წყალს ასხამდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ შეკრებილ მომიტინგეებს, რომლებიც 9 აპრილის ქუჩაზე პარლამენტის ეზოს შესასვლელის შემტვრევას ნახევარი საათის განმავლობაში ცდილობდნენ
„იქ მეორე მოსმენით უკვე მიღებულია ეს კანონი. ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე და ყველა იმ კანონის გაუქმებაზე, რომელიც მიღებულია ამ ბოლო დროს ამ ხელისუფლების მიერ და, რომელიც ერთი მეორეს გვაშორებს ევროპული გზიდან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, პარლამენტის კარებზე არაფერი გადაწყდება, გარდა ძალადობის გამოწვევისა.
აქციისთვის მზადება დილიდან დაიწყო. აქციის ყველაზე აქტიურ მონაწილეებს აქვთ დამცავი ნიღბები და სათვალეები, რომლებიც იცავს ცრემლსადენი გაზისგან. გარდა ამისა, ბევრ ადამიანს თან აქვს ფიზიოლოგიური ხსნარი თვალების დასაბანად.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ მოუწოდა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში, არ განახორციელონ ძალადობრივი ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს.
პარლამენტის დეპუტატებმა 4 საათის წინ სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს. ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს, ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონპროექტის კენჭისყრის მომენტისთვის პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. დეპუტატებისა და პარლამენტის თანამშრომლების შენობის უსაფრთხოდ დატოვების უზრუნველსაყოფად ადგილზე სპეცრაზმი იყო მობილიზებული. მოგვიანებით სპეცრაზმმა ტერიტორია დატოვა, პარლამენტთან ძალოვანები არ ჩანან, ბევრი მათგანი მობილიზებულია შენობის ეზოში.
კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე საქართველოს პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.