საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ქართული ენის გამოცდის ჩაბარების ვადები შეიცვალა

ქართული ენის გამოცდა ტესტის სახით ტარდება და სავალდებულოა საქართველოს თითქმის ყველა კატეგორიის მოქალაქეობის მისაღებად.
Sputnik
თბილისი, 1 მაისი – Sputnik საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველ უცხოელებს სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარება 1 მაისიდან მოქალაქეობაზე განაცხადის შეტანამდე შეუძლიათ, შედეგები ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება, ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.
ქართული ენის ცოდნის შესამოწმებელი გამოცდა ტესტის სახით ტარდება და სავალდებულოა საქართველოს თითქმის ყველა კატეგორიის მოქალაქეობის მისაღებად.
ახალი წესების მიხედვით, გამოცდების ჩაბარების მცდელობების რაოდენობა შეზღუდული არ იქნება, თავად ტესტები კი იუსტიციის სახლის ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი. ისინი მოიცავს კითხვებს ლექსიკაზე, გრამატიკასა და წაკითხულის შინაარსზე.
ამასთან, ტესტირება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულოებში იქნება შესაძლებელი.
გამოცდის დადებითი შედეგები საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადის გაკეთების საშუალებას იძლევა. საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებები, რომლებიც მოქალაქეობის მიღებისას ბიუროკრატიულ მოთხოვნებს აადვილებს, გასული წლის ნოემბერში დამტკიცდა.