თბილისი, 1 მაისი – Sputnik. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა დაგმო ძალადობა აქციის მონაწილეების მიმართ, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გაიმართა, და მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება.
შსს-ს ინფორმაციით, 1 მაისის ღამეს საპროტესტო აქციაზე არეულობის დროს დაშავდა ექვსი სამართალდამცველი, 63 მომიტინგე კი დააკავეს. აქციის მონაწილეები ქვებს და პლასტიკის ბოთლებს ესროდნენ ძალოვანებს, რომლებიც წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს იყენებდნენ.
„მტკიცედ ვგმობ ძალადობას საქართველოში საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას მართავენ უცხოური გავლენის შესახებ კანონის წინააღმდეგ. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მოვუწოდებ მის ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება. მის ჩასახშობად ძალის გამოყენება მიუღებელია“, – დაწერა ბორელმა.
მანამდე ბორელმა განაცხადა, რომ ევროკომისია შეშფოთებულია, რომ საქართველოს მთავრობამ კვლავ დააინიცირა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და აღნიშნა, რომ ევროკომისია ამ საკითხთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენას გეგმავს.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და 15 აპრილიდან საპროტესტო აქციებს მართავენ.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე საქართველოს პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.