თბილისი, 1 მაისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების 79 წლისთავთან დაკავშირებით ერთჯერადად 2 ათას ლარს გადასცემს, ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.
ფრონტზე დაღუპული ომის ვეტერანთა ოჯახები მიიღებენ ერთჯერად დახმარებას ათასი ლარის ოდენობით.
საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის ფინანსურ დახმარებას გაცემას სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს. გამონაკლისია თბილისში მცხოვრები ვეტერანები. აქ ფულად თანხებს დედაქალაქის მერია გასცემს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა არაუგვიანეს 5 მაისისა უნდა მიაწოდოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემები ქვეყნის რეგიონებში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და ფრონტზე დაღუპულთა ოჯახების შესახებ. რაც შეეხება თბილისს, ეს ინფორმაცია სააგენტოს დედაქალაქის მერიამ უნდა მიაწოდოს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, საქართველომ ფრონტზე 700 ათასი ჯარისკაცი გაუშვა, საიდანაც მხოლოდ 300 ათასი დაბრუნდა სახლში. ათიათასობით ქართველი დაჯილდოვდა სახელმწიფო ჯილდოებით, მათგან 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.
მათ შორის ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში სერჟანტ მიხაილ ეგოროვთან ერთად რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა.
საქართველოში ამ დროისთვის ცოცხალია მეორე მსოფლიო ომის 66 ვეტერანი.