თბილისი, 1 მაისი – Sputnik. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო 4 მაისის 23:00 საათიდან 5 მაისის 04:00 საათამდე იმუშავებს და უფასო იქნება.
გარდა ამისა, წელსაც მეტროს სადგურებიდან იმოძრავებენ სპეციალური ავტობუსები, რომლებიც მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით მოემსახურება.
„გარდა ამისა, 5-6 მაისს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც მგზავრებს დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ გადაიყვანს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურების - „მარჯანიშვილის“, „დელისის“, „სარაჯიშვილის“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა და ქვედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.