ჩინეთი საქართველოს თანასწორ პარტნიორად განიხილავს - სახალხო რესპუბლიკის ელჩი

ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ისეთ მაღალ ტემპერატურაზეა, როგორც დღევანდელი ამინდი თბილისში, აღნიშნა ჩინელმა დიპლომატმა
Sputnik
თბილისი, 29 აპრილი - Sputnik. ჩინეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ერთმანეთს თანასწორად განიხილავენ, განაცხადა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ჭოი ციენმა.
საქართველოს მოქალაქეები 28 მაისიდან ტურისტული, საქმიანი და საგანმანათლებლო მიზნით ჩინეთში უვიზოდ ყოფნას 30 დღის მანძილზე შეძლებენ. საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ქართულ მხარეს შესაბამისი ნოტა ოფიციალურად გადასცა.
„ჩინეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ერთმანეთს თანასწორად განიხილავენ, პრაგმატული და ეფექტური მიდგომა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი მახასიათებლებია“, - განაცხადა ელჩმა.
ჩინელი დიპლომატის თქმით, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ისეთ მაღალ ტემპერატურაზეა, როგორც დღევანდელი ამინდი თბილისში.
„გასულ კვირას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრო ქვეშეთი-კობის გვირაბის გაჭრის დასრულების ცერემონიას, რომელიც ჩინეთის მიერ არის კონსტრუირებული, ასევე, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის ცერემონიას, რომელშიც ასახულია ჩინეთის პრაქტიკული მიდგომა „შუა დერეფნის“ კონსტრუქციის მიმართ“, - განაცხადა დიპლომატმა.
ქვეშეთი–კობის მონაკვეთი თბილისი–სტეფანწმინდის გზის გუდაური–კობის მონაკვეთის შემოვლითი გზაა, სადაც ზამთარში ხშირად იქმნება ზვავსაშიშროება. ამის გამო გზა ხშირად იკეტება. გვირაბის მშენებლობა ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს, დაეხმარება გადამზიდავებსაც, რომლებსაც „ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ გზაზე ხანდახან რამდენიმე დღე უწევთ „საცობში" დგომა. რაც შეეხება შემოვლით გზას, შორაპანი-არგვეთის მონაკვეთზე რიკოთის უღელტეხილზე გამავალი ზესტაფონის ახალი ცხრაკილომეტრიანი შემოვლითი გზა თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობას სულ რაღაც 3,5 საათამდე ამცირებს.
ელჩის თქმით, აპრილში დაიწყო პირდაპირი სატვირთო ავიაგადაზიდვები თბილისიდან ჩენდუში, ამავე მიმართულებით მალე დაიწყება პირდაპირი სამგზავრო რეისები, რაც ასევე აჩვენებს, როგორ ძლიერდება ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობები.
საქართველოს ავიაგადამზიდავი Georgian Airways ჩენდუში პირდაპირი რეგულარული ფრენების დაწყებას 2024 წლის ივნისიდან გეგმავს.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვარში შევიდა. შეთანხმება ითვალისწინებს ჩინეთში ქართული პროდუქციის დაახლოებით 94%-ის საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებას.
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა ერთ თვეში ამოქმედდება >>
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და ქვეყანაში 30 დღემდე ვადით დარჩნენ. 2023 წელს საქართველოს ჩინეთიდან 48.304 სტუმარი ეწვია, რაც 55%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. 2023 წელს China Southern Airlines-მა საქართველოში 31.258 მგზავრი გადაიყვანა.