თბილისში საპროტესტო აქციაზე ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დააკავეს

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ სადავო კანონპროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით განხილვაზე არ წარადგინონ - კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღეს.
Sputnik
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. პოლიციამ რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა.
პეტრიაშვილი სახელმწიფო მინისტრის პოსტს 2012 წლიდან 2014 წლამდე პერიოდში იკავებდა. იგი მთავრობის წევრი მას შემდეგ გახდა, რაც კოალიცია „ქართული ოცნება“, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდა.
ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა.
რუსთაველის გამზირზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერთა ხვალინდელი აქციისთვის მოწყობილ სცენაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშების აღმართვის საშუალება არ მისცა.
სკანდალური კანონპროექტის მიღების ათასობით მოწინააღმდეგე თავიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა და 2 საათის შემდეგ პარლამენტისკენ დაიძრა.
თბილისის მერიამ განაცხადა, რომ აქცია არასანქცირებულია, რამეთუ წინასწარ იყო გამოცხადებული, რომ მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები „ქართული ოცნების" ღონისძიებისთვის.
პროტესტის მიზეზები
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ სადავო კანონპროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით განხილვაზე არ წარადგინონ - კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღეს.
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
კანონპროექტის ინიცირება თავდაპირველად 2023 წლის მარტში მოხდა, მაგრამ მასობრივი პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ ის გაიწვია. მმართველმა პარტიამ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და 15 აპრილიდან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ. ბოლო დროს აქციებს ახალგაზრდები მართავენ.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე საქართველოს პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.