თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 29-30 აპრილს ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
დარჩიაშვილი ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში, რომლებიც 2004 წლის ევროკავშირის გაფართოების ყველაზე მასშტაბური ტალღის 20 წლისთავს ეძღვნება.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის წევრი და გაფართოების ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალურ სხდომაში", - ნათქვამია განცხადებაში.
გაფართოებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებთან აჯა ლაბიბთან და სავიე ბეტელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან მართლმსაჯულების საკითხებში ვერა იუროვასთან, უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრ იანოშ ბოკასთან, რომელთანაც განხილული იქნება უნგრეთის მომავალი თავმჯდომარეობის პროგრამა და პრიორიტეტები (უნგრეთი 2024 წლის ივლისიდან 6 თვით გახდება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა).
ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორთან.