საქართველოში ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა.
Sputnik
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტყეში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა და დაამზადა ბზის 203 ერთეული ტოტი. უკანონოდ მოპოვებული ბზა დაილუქა. შედგა ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დობერაზენში კი მოქალაქეს ავტოსატრანსპორტო საშუალებით უკანონოდ მოპოვებული ბზის 1300 ერთეული ტოტი გადაჰქონდა. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 2 ათას ლარამდეა, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1 ათას ლარს გადააჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.
ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.
მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. ის ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.
2024 წლის საეკლესიო კალენდრის მიხედვით ბზობის დღესასწაული 28 აპრილს აღინიშნება.