პრემიერი: ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, განაცხადა პრემიერმა
Sputnik
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ევროპარლამენტარები შეგნებულად ქმნიან ნეგატიურ ფონს და თავიანთი რეზოლუციებით ცდილობენ ქართული საზოგადოების დაშინებას, მაგრამ მათ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ევროპარლამენტმა თავისი რეზოლუციით მოუწოდა ევროპულ საბჭოს, არ გახსნას საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, სანამ დღის წესრიგში დგას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. რეზოლუციაში შეტანილ ცვლილებებში კი საუბარია უვიზო რეჟიმის გადახედვის აუცილებლობაზე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ასევე ლგბტ* პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივის გაწვევაზე.
„როგორც ჩანს, ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება, მაგალითად, კომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ცდილობენ, რაღაცნაირად ჩაუფინონ ერთგვარი ნეგატიური ფონი, დააშინონ ქართული საზოგადოება. როგორც მაშინ ჰქონდა ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი, ახლაც ამ რეზოლუციას აქვს ჩალის ფასი“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, როდესაც გარკვეულმა ძალებმა, მათ შორის ევროპარლამენტის ამ ოდიოზურმა დეპუტატებმა იცოდნენ, რომ ქვეყანა 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა და ამისათვის საზოგადოებაში ნეგატიურ ფონს ქმნიდნენ. ისინი აშინებდნენ და აშანტაჟებდნენ ქართულ საზოგადოებას, აღნიშნა პრემიერმა.
„მაშინ მიიღეს სამი სხვადასხვა რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც საუბარი იყო, მათ შორის დამნაშავეების განთავისუფლებაზე, დამნაშავეებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე. იქაც საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილის დასჯაზე. ეს იყო ერთგვარი მოსამზადებელი ფონი იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსის ვერმიღების შემდეგ საქართველოში მომხდარიყო რევოლუცია. თუმცა, გახსოვთ, რომ ფარატინა ქაღალდებად დარჩა ეს რეზოლუციები“, - განაცხადა მან.
არაკეთილსინდისიერი ევროპარლამენტარების ვენდეტა - პაპუაშვილმა რეზოლუცია შეაფასა>>
ქვეყანამ კი კანდიდატის სტატუსი უკვე ერთი წლის შემდეგ მიიღო, დასძინა მან.
რეზოლუცია 425 ხმით 25 აპრილს მიიღეს. დოკუმენტის ინიცირება მოახდინეს ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციის წევრებმა, მათ შორის რასა იუკნევიჩენემ, ანდრიუს კუბილიუსმა, სვენ მიქსერმა, მარკეტა გრეგოროვამ, ანა ფოტიგამ, რომლებიც სისტემატურად აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას. როგორც მათ არაერთხელ განაცხადეს, საქართველოს ხელისუფლება ცვლის პროდასავლურ საგარეო პოლიტიკურ კურსს პრორუსულზე.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებებს კენჭი ცალკე უყარეს.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ევროპარლამენტარებმა ასევე მოუწოდეს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, შეაფასონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გავლენა ევროკავშირის, როგორც დონორის როლზე საქართველოში და საქმის კურსში ჩააყენონ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ამ შესაძლო ზემოქმედებისა და ზოგადად მისი შედეგების შესახებ ევროკავშირის დაფინანსებაზე.
საქართველოს პარლამენტმა 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი.
თავდაპირველად ის 2023 წლის მარტში იყო ინიცირებული, მაგრამ მასობრივი პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ ის გაიწვია.
მმართველმა პარტიამ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და 15 აპრილიდან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ. ბოლო დროს აქციებს ახალგაზრდები მართავენ.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.