თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. პოლიციამ ქვემო ქართლში 40 წლის მამაკაცი თანასოფლელის მკვლელობისთვის დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში, ურთიერთშელაპარაკებისას 36 წლის თანასოფლელს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.