არქივში სამწუხარო ისტორიად დარჩება : შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ

სპიკერმა მიღებულ რეზოლუციას წარმავალი ევროპარლამენტარების ბოლო ბწკენა უწოდა
Sputnik
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოსთვის არანაირი ფასი არ აქვს - ეს ფარატინა ქაღალდია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტის წევრებმა მიიღეს რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლების განზრახვას „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღების შესახებ და მოუწოდებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ. ეს არის ევროპარლამენტის მეოთხე კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ ბოლო ორი წლის განმავლობაში. პირველი მიიღეს 9 ივნისს, მეორე - 2022 წლის 14 დეკემბერს და მესამე - 2023 წლის 16 თებერვალს. ყველა დოკუმენტში საუბარია ივანიშვილის დასანქცირებაზე.
„დღესაც ვსაუბრობთ ევროპარლამენტარების იმ ჯგუფზე, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ასეთ გადაწყვეტილებას იღებს. ეს არ არის პირველი ასეთი დეკლარაცია, უკვე მეოთხეა რიგში. როგორც წინა 3 დეკლარაციას არ ჰქონდა არანაირი ფასი არც ჩვენი ქვეყნისთვის და მათ შორის, არც ევროკავშირისთვის, ასე დარჩება ეს დეკლარაციაც. სამწუხარო ისტორიაა ევროპარლამენტის არქივებში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან მიღებულ რეზოლუციას წარმავალი ევროპარლამენტარების ბოლო ბწკენა უწოდა.
„ეს არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ. ივნისში არჩევნებია ევროპარლამენტის და იმედი მაქვს, ევროკავშირის მოქალაქეები უკეთეს გადაწყვეტილებას მიიღებენ და მანდატებს გადასცემენ სათანადო პირებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანქციებზე და მოლაპარაკებებზე გადაწყვეტილებებს იღებს ევროპული საბჭო და არა ევროპარლამენტი და რეზოლუცია არის ანტიქართული კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ცალკეული ევროპარლამენტარები აწარმოებენ.
„მოლაპარაკებების დაწყება-არდაწყებაზე, სანქციებზე გადაწყვეტილებას იღებს ევროპის საბჭო. ეს არის რამდენიმე დეპუტატის მიერ წამოწყებული ის კამპანია, რომელსაც ისინი დიდი ხანია, აწარმოებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამიტომ, ამ რეზოლუციას, ისევე როგორც წინა სამ რეზოლუციას, სადაც უარესები ეწერა – სააკაშვილის გათავისუფლებაზე, მოგვიწოდებდნენ სანქციები დაგვეწესებინა ან ევროკავშირს დაეწესებინა, კანდიდატის სტატუსი რომ არ მოეცათ, ესეც ეწერა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერმა რეზოლუციის ავტორებს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მფარველი გუნდი უწოდა.
„ის, ვინც არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
დოკუმენტს მხარი 425-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგი იყო. გარდა ამისა, ევროპარლამენტში გაკეთდა განცხადებები საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ასევე იყო მუქარები საკამათო კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეწყვეტის შესახებ.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო >>
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ წლიური დეკლარაციები, პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და 15 აპრილიდან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.