თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. რუსთავის საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს თავმჯდომარე, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს - თავმჯდომარის გადაყენებას მხარი საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა.
გასულ კვირაში „ქართული ოცნების" ფრაქციამ საკრებულოს თავმჯდომარეს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის თხოვნით მიმართა, რომელზეც ძირითად განსახილველ საკითხებად იქნებოდა სწორედ საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზეზად მმართველი პარტიის წევრებმა დაასახელეს ის, რომ მეშვიდე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა უკვე ორ წელზე მეტია სათანადოდ ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს.
„არაერთხელ ჰქონდა ადგილი საკრებულოს მხრიდან საბოტაჟის მცდელობას, რაც გამოიხატებოდა ბიუჯეტის დამტკიცების ხელისშეშლაში, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის უარყოფითად შეფასებაში, კონკრეტული პროექტების შეფერხებაში, მოქალაქეების პოზიციების გაუთვალისწინებლობაში და ა.შ", - განაცხადეს „ქართული ოცნების" ფრაქციაში.
საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევების გარდა, შრომის ინსპექციამ და შემდეგ უკვე საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა საკრებულოს ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლო და უკანონო ქმედებები აპარატის თანამშრომელთა მიმართაც.
„ოცნებაში“ ასევე აღნიშნეს, რომ რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის თანამდებობებიდან გადაყენების პროცესის დამატებითი საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ ცოტა ხნის წინ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო და პარტიიდან გავიდა ფრაქციის ოთხი წევრი.
პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ნოდარ შეროზია საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2022 წელს აირჩიეს. მის კანდიდატურას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „გახარია-საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი.
რუსთავის საკრებულო იმ ადგილობრივ სათათბირო ორგანოთა შორისაა, სადაც დეპუტატების უმრავლესობა 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად ოპოზიციას წარმოადგენს. რუსთავის საკრებულოში 35 დეპუტატია. აქედან მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ 16 ადგილი აქვს, ამდენივე ადგილი ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, იდრე ფრაქციას ოთხი წევრი დატოვებდა. კიდევ სამი მანდატი აქვს პარტიას „საქართველოსთვის".
სხდომის დღის წესრიგის თანახმად, საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს დღესვე აირჩევენ.