თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები, საკოორდინაციო საბჭოს წევრები და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოში აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების პრობლემების შესახებ ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ შეიტყო, რაც ამ დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა 2023 წლის აპრილში თბილისის ცენტრში პერმანენტული საპროტესტო აქციები დაიწყეს და სახელმწიფოსგან მათი შვილებისთვის აქონდროპლაზიის სამკურნალო მსოფლიოში პირველი პრეპარატის დაფინანსება მოითხოვეს.
საქართველოში მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ (VOXZOGO) აქონდროპლაზიის სამკურნალო პროგრამა 2023 წლის ნოემბერში ამოქმედდა და მასში პირველ ეტაპზე 6 ბენეფიციარი ჩაერთო.
„მთავრობასთან კოორდინაციითა და პაციენტების უსაფრთხოებისა და მათი სხვა ინტერესების გათვალისწინებით, მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ მკურნალობის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება, რომლის თანახმად, პაციენტები მედიკამენტის მიღებას სახლთან მაქსიმალურად ახლოს, ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში შეძლებენ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, პაციენტები აღნიშნულ სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებენ, ამასთან გამონაკლისის სახით დასაშვები იქნება პრეპარატის საზღვარგარეთ გატანა კვალიფიციური მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ პროცედურების განხორციელების პირობით.
იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამას აქონდროპლაზიის დიაგნოზი ოფიციალურად გასული წლის 24 მაისს დაემატა. დოკუმენტს ხელი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, აქონდროპლაზიის მქონე ადამიანები პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობით უზრუნველყოს, რაც წამლის გარდა გულისხმობს ყველა სხვა საჭირო პროცედურასა თუ თერაპიას.
საწყის ეტაპზე პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს შორის მოხვდნენ ის ბავშვები, ვისაც ზრდის ზონები ასაკის გამო ყველაზე ადრე ეხურებათ და ასევე მძიმე კლინიკური გამოვლინებების მქონე პაციენტები, რომლებმაც მკურნალობა მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყეს.
პროტოკოლის მიხედვით, თუ წლის განმავლობაში პაციენტის ზრდის მატება 1,6 სანტიმეტრზე ნაკლებია, მედიკამენტი ითვლება უეფექტოდ და მაშინ მისი მიღება უნდა შეწყდეს, ხოლო თუ მატება 1,6 სანტიმეტრზე მეტია, ამ პრეპარატის მიღებას პაციენტები გააგრძელებენ შემდეგი წლის განმავლობაშიც.
მკურნალობის პროგრამა მრავალპროფილურ პედიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში მიმდინარეობს. პროცესს კლინიცისტების მულტიდისციპლინური გუნდი წარმართავს.
აქონდროპლაზია უვითარდება 25 ათასიდან ერთ ბავშვს. მასმედიის ინფორმაციით, საქართველოში ეს დიაგნოზი 12 ბავშვს აქვს დასმული.
ერთ ბავშვზე პრეპარატის წლიური დოზის ღირებულება 900 ათას ლარს აღწევს. პრეპარატის გამოყენება აუცილებელია სრულწლოვანებამდე, ხოლო მაქსიმალური ეფექტი წამლისგან, კვლევების თანახმად, წელიწადში 1,6 სანტიმეტრით ზრდაა. პრეპარატს იყენებენ მხოლოდ უკიდურეს და განსაკუთრებულ შემთხვევებში.