თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან შეხვედრაზე, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სონღულაშვილი, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, ბაქოში იმყოფება. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში რეგიონში ერთობლივად განსახორციელებელი პროექტები, მათ შორის „შუა დერეფნის" განვითარება და მისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება“, - განაცხადა სონღულაშვილმა.
მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივად იმუშაონ იმ პროექტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განმტიცებას.
როგორც მილი მეჯლისის თავმჯდომარემ შეხვედრაზე განაცხადა, ქართველ და აზერბაიჯანელ ერებს საერთო კულტურული ღირებულებები აქვთ, საუკუნეების მანძილზე ერთად ცხოვრობდნენ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის პირობებში და ქვეყნებს შორის ურთიერთობა სწორედ ამ მყარ საფუძველს ეფუძნება.
„ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი შეხვედრა გვქონდა მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ორი ქვეყნის ერთობა „შუა დერეფნის" განვითარებისთვის და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია საკომიტეტო დონეზე ამ საკითხებზე მსჯელობა. ეს არის კიდევ ერთი პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს აქტიური ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას", - განაცხადა სონღულაშვილმა.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.
საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.