თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ფრონტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მდგომარეობის გაუარესების ფონზე ევროკავშირი მეორე მსოფლიო ომისთვის ემზადება.
დიპლომატმა აღნიშნული განცხადება ლუქსემბურგში გამართული ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო და თავდაცვის მინისტრების სხდომის შემდეგ გააკეთა.
„ფრონტზე უკრაინისთვის მდგომარეობის გაუარესებას ბრიუსელი მსოფლიო ომისთვის მზადებით რეაგირებს", -პოლიტიკოსის სიტყვებს ციტირებს РИА Новости.
მისი თქმით, სხდომა იყო „შტაბში სამხედრო მეთაურების თათბირის“ მსგავსი, რადგანაც რამდენიმე საათის განმავლობაში „თითქმის ყველა საუბრობდა იმაზე, თუ რამდენი ერთეული, რა იარაღი და რა გრაფიკით უნდა მიაწოდონ უკრაინას“.
როგორც სიიარტომ აღნიშნა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას ამ დრომდე ხელი არ შეუწყვია ფრონტზე მისი წარმატებისთვის.
„კითხვა შემდეგშია, თუ აქამდე ამ სტრატეგიამ არ იმუშავა, რატომ უნდა იმუშაოს ახლა? <...> ჩვენ ვფიქრობთ, რომ იარაღის მიწოდება მხოლოდ ომის გახანგრძლივებას და მსოფლიო ომის რისკის გაზრდას იწვევს“, - განაცხადა დიპლომატმა.
როგორც ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ალიანსის ქვეყნებმა უნდა გარისკონ და კიევს ის იარაღიც კი გაუგზავნონ, რაც მათი თავდაცვისთვისაა საჭირო. თავის მხრივ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირის ქვეყნები შეეცდებიან „საწყობებში ერთად გადაანაწილონ“ სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, „რაც დარჩა მარაგში“.
მოსკოვმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევისთვის უცხოური სამხედრო დახმარების მიწოდება არაფერს ცვლის ბრძოლის ველზე და მხოლოდ ახანგრძლივებს კონფლიქტს.