თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ავსტრიული ავიაკომპანია Austria Airlines-ი 2024 წლის 2 მაისიდან ვენასა და თბილისს შორის პირდაპირ რეგულარულ ავიარეისებს შეასრულებს, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
ავიაკომპანიასთან და Lufthansa Group-თან მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა. ავსტრიის ავიახაზები ჯგუფ Lufthansa-ს რიგით მესამე ავიაკომპანია გახდება, რომელიც საქართველოში ფრენებს დაიწყებს.
ავიაკომპანიის ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ დეტალები და სამომავლო გეგმები აეროპორტების გაერთიანების გენდირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ ავიაკომპანია Austrian Airlines-ის მენეჯმენტთან განიხილა - შეხვედრა ორჰუსში (დანია) საავიაციო ფორუმ Routes Europe 2024-ის ფარგლებში შედგა.
ქარქაშაძის განცხადებით, ვენა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კვირაში სამი სიხშირით განახორციელებს.
1957 წელს დაფუძნებული AUSTRIAN AIRLINES-ი ავსტრიის ოფიციალური გადამყვანია და ის Lufthansa Group-ის შვილობილი კომპანიაა. Star Alliance-ის წევრი ავიაკომპანია ფრენებს 55 ქვეყნის 120 მიმართულებით ასრულებს. მის შემადგენლობაში 65 საჰაერო ხომალდია, საიდანაც უმეტესობა Airbus A320 ტიპის ბორტებს წარმოადგენს.
საქართველოს აეროპორტების წარმატებები
დღეისთვის საქართველოში სამი საერთაშორისო აეროპორტი ფუნქციონირებს: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში - მათგან ყველაზე დიდი თბილისის აეროპორტია.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს აეროპორტები 6 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა - 34,8%-ით მეტს 2022 წელთან შედარებით.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გასულ წელს100%-ით დაუბრუნდა 2019 წელს დაფიქსირებულ მგზავრთნაკადს (ზრდა 0,05%). ქუთაისის აეროპორტმა 2023 წელს 2019 წლის მაჩვენებელს 91%-ით გადააჭარბა, ხოლო მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელმა ბათუმის აეროპორტში 99,58% შეადგინა.
სულ საქართველოს აეროპორტებში 2023 წელს 26.290 რეისი შესრულდა. აქედან რეგულარული რეისია 21.280, ხოლო ჩარტერული - 5.010. 2022 წელთან შედარებით რეისების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით - 8%-ით.
2024 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 43 ავიაკომპანია ოპერირებს. ისინი ფრენებს 89 მიმართულებით ასრულებენ.