თბილისი, 22 აპრილი - Sputnik. თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალი აშენდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ მესტიის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში კომპანია Green Studio-მ გაიმარჯვა, შესაბამისად იგი განახორციელებს ტერმინალის მშენებლობის პროექტს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მესტია ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული რეგიონია, შესაბამისად, ახალი ტერმინალი ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას სვანეთში და ეს ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონის განვითარებას.
„გვჭირდება განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, რომ მაქსიმალური პირობები შევუქმნათ ტურისტებს საქართველოში. ასევე შიდა აეროპორტების განვითარება მნიშვნელოვანია შიდა მობილობის მხარდაჭერისთვისაც. ამისთვის აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების ტერმინალი მესტიის აეროპორტში“, - განაცხადა პრემიერმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერმინალის სავარაუდო საერთო ფართი უნდა შეადგენდეს 800-900 კვადრატულ მეტრს და გათვლილი იყოს ერთდროულად 100 მგზავრის მომსახურებაზე. ასევე დასაპროექტებელია ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც დაახლოებით 5 ათას კვადრატულ მეტრ ფართზე, სადაც განთავსებული უნდა იყოს 30 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი.
კონცეპტ დიზაინის მიხედვით, ახალი ტერმინალის ჭერში მოეწყობა ე.წ. სქაილაითები, რომელიც დარბაზის ინტერიერის ბუნებრივ განათებას უზრუნველყოფს. ტერმინალის ტერიტორიაზე ასევე განთავსდება კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცეები.
მესტიის აეროპორტი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში მდებარეობს. აეროპორტის მშენებლობა 2010 წლის 24 დეკემბერს დასრულდა. ზამთრის პერიოდში აეროპორტი იღებს ერთძრავიან თვითმფრინავებს და 18 ადამიანის ტევადობის მცირე სამგზავრო თვითმფრინავებს. ზაფხულის პერიოდში კი აეროპორტს შეუძლია 50 ადამიანის ტევადობის თვითმფრინავის მიღება.
მესტიის აეროპორტი მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო აეროპორტებს შორის არის დასახელებული. ვებ-გვერდ Novate-ის არქიტექტორებმა მესტიის აეროპორტი მსოფლიოს უჩვეულო აეროპორტების სიაში შეიტანეს და მას „პატარა ქართული სასწაული" უწოდეს.