ვენეციის ბიენალეზე საქართველოს პავილიონმა მოწონება დაიმსახურა

საქართველოს ეროვნული პავილიონის ფარგლებში პირველად იმუშავებს სახელოვნებო რეზიდენცია ახალგაზრდებისთვის.
Sputnik
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. თანამედროვე ხელოვნების ვენეციის მე-60 საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ეროვნული პავილიონი წარმოდგენილია პროექტით „დანახვის ხელოვნება - ასტრონომიის მდგომარეობები", ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენაზე პროექტის წარმდგენია თანამედროვე ხელოვნების ცენტრი „არტვილა გარიყულა“, ხოლო საქართველოს წარმომადგენელი ვენეციის ბიენალეზე - ხელოვნებათმცოდნე მაგდა გურული.
„საქართველოს პავილიონი ევროპელი სპეციალისტების შეფასებით შვიდ აუცილებლად სანახავ საუკეთესო პავილიონს შორისაა. ვენეციის ბიენალეზე საქართველოს მონაწილეობის ოცწლიანი ისტორიის მანძილზე ასეთი მაღალი შეფასება პირველია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოფენის კონცეფცია 2024 წლის ვენეციის ბიენალეს - „გლობალურ მოდერნიზმს“ ეხმიანება, რომელიც გლობალური სამხრეთიდან დაძრულ მოდერნისტულ ტალღას ასახავს. პროექტის კონცეფცია ქართველი ხელოვანის, პოეტისა და მწერლის, ილია ზდანევიჩის (1894-1975) მემკვიდრეობას უკავშირდება და მისი საარქივო მასალის ახალ გარემოში წარდგენას ისახავს მიზნად.
ილია ზდანევიჩის არქივიდან შეირჩა კონკრეტული ნამუშევარი - „მაქსიმილიანა“, რომელიც გერმანელ ხელოვან მაქს ერნსტთან (1891-1976) მრავალწლიანი მეგობრობისა და თანამშრომლობის შედეგად შექმნილი წიგნია. „მაქსიმილიანა“ 1964 წელს ზდანევიჩის რედაქტორობით გამოიცა და ეძღვნება გერმანელი ასტრონომის ვილჰელმ ტემპელის (1821-1889) ცხოვრებასა და მოღვაწეობას, რომელიც ლითოგრაფიის ხელოვნებითა და ასტრონომიით იყო გატაცებული.
ვენეციის ბიენალე ერთ-ერთი უძველესი და უმსხვილესია მსოფლიოში. მისი დაარსების თარიღი კინემატოგრაფიის დაბადების წელს ემთხვევა (1895). თანამედროვე ხელოვნების გამოფენა მონაწილეების წრის გაფართოებისკენ მიისწრაფვის. თემები და კონცეფციები წლიდან წლამდე იცვლება.
ვენეციის მე-60 ბიენალე 19 აპრილიდან 24 ნოემბრამდე პერიოდში იტალიაში, ქალაქ ვენეციაში გაიმართება.