აჭარის ტურისტულ პოტენციალს ისრაელისა და თურქეთის მოსახლეობა გაეცნობა

აჭარაში უცხოელი ჟურნალისტების მედიატური გრძელდება.
Sputnik
თბილისი, 21 აპრილი − Sputnik. აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებს, რეპორტაჟებსა და ბლოგებს ებრაელი და თურქი ჟურნალისტები ამზადებენ, რომლებიც ქვეყანაში აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებიან.
უწყების ცნობით, ჟურნალისტებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები.
ისინი სტუმრობდნენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გონიოსა და პეტრას ციხეებს, დელფინარიუმს, ასევე მთიან აჭარას, სადაც ადგილობრივი ღვინო და კერძები დააგემოვნეს.
წლის ბოლომდე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის შესახებ სტატიების, ბლოგებისა და სიუჟეტების გამოქვეყნების მიზნით ჟურნალისტებს 25-მდე სამიზნე ქვეყნიდან უმასპინძლებს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისა და უცხოელი ტურისტების მოსაზიდად სამიზნე ქვეყნებიდან ჟურნალისტებისთვის ინფოტურების ორგანიზებას აქტიურად აგრძელებს. ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი უკვე წარადგინა 20-მდე ტურისტულ გამოფენაზე როგორც ევროპულ, ისე აზიურ ბაზრებზე.