საქართველოს მოქალაქეებს საგადასახადო დავალიანებები ჩამოეწერებათ

ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც ფლობენ ოფშორულ აქტივებს, ამ აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის შეღავათებს მიიღებენ
Sputnik
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომლებიც ითვალისწინებს 2021 წლის 1 იანვრამდე დაგროვებული საგადასახადო დავალიანებებისგან გათავისუფლებას და ასევე საგადასახადო შეღავათებს ე.წ. ოფშორებიდან აქტივების გადმოტანას.
საუბარია მხოლოდ იმ აქტივებზე, რომლებიც ქართულ საწარმოებს 2028 წლის 1 იანვრამდე გადაეცემათ იმ პირობით, რომ საქართველოში და ოფშორებში არსებული აქტივების 100 პროცენტი ერთი და იგივე კომპანიის ან პირის საკუთრებაშია.
კანონპროექტის მიხედვით, ოფშორული კომპანიებიდან აქტივების გადაცემისას საქართველოში მოქმედი მიმღები კომპანია თავისუფლდება ამ აქტივზე იმპორტის გადასახადისგან, თუ ოპერაცია 2028 წლის 1 იანვრამდე დასრულდება.
ამასთან, ასეთ ტრანზაქციაში მონაწილე საწარმო ოფშორული კომპანიისგან საქართველოში ფიზიკური აქტივის მიღებისას 2030 წლის 1 იანვრამდე იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზეზი არის ის, რომ ოფშორული კომპანიების საქმიანობა რთულია და ხშირ შემთხვევაში მათ მეტი გამჭვირვალობა და გადასახადების გადახდა მოეთხოვებათ. ამიტომ ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც ფლობენ ოფშორულ აქტივებს, ამ აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის შეღავათებს მიიღებენ.