თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საქართველო, ოფშორული კომპანიებიდან თანხების გადმოტანისას საგადასახადო შეღავათების შემოღებით, მხოლოდ კრიმინალის და სპეცსამსახურების ფულს მოიზიდავს, აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ოფშორული ანგარიშებიდან თანხების გატანისას საგადასახადო შეღავათების შემოღებას.
„ფაქტობრივად, საქართველოსკენ მხოლოდ კრიმინალური ფული წამოვა და ასევე სპეცსამსახურების ფული, რომელიც პოლიტიკურ ბოროტებას ემსახურება სამყაროში“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
გია ხუხაშვილის თქმით, ხსენებული კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოს ევროინტეგრაცია ძალიან გართულდება.
„ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია პლინტუსს ქვემოთ ჩამოვა ამის გარანტიას გაძლევთ. დასავლეთი დაიკეტება, როგორც კი ეს პროცესი ამოიქოქება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მიღებული კანონპროექტის თანახმად, საუბარია მხოლოდ იმ აქტივებზე, რომლებიც ქართულ საწარმოებს 2028 წლის 1 იანვრამდე გადაეცემათ იმ პირობით, რომ საქართველოში და ოფშორებში არსებული აქტივების 100 პროცენტი ერთი და იგივე კომპანიის ან პირის საკუთრებაშია.
კანონპროექტის მიხედვით, ოფშორული კომპანიებიდან აქტივების გადაცემისას საქართველოში მოქმედი მიმღები კომპანია თავისუფლდება ამ აქტივზე იმპორტის გადასახადისგან, თუ ოპერაცია 2028 წლის 1 იანვრამდე დასრულდება.
ამასთან, ასეთ ტრანზაქციაში მონაწილე საწარმო ოფშორული კომპანიისგან საქართველოში ფიზიკური აქტივის მიღებისას 2030 წლის 1 იანვრამდე იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზეზი არის ის, რომ ოფშორული კომპანიების საქმიანობა რთულია და ხშირ შემთხვევაში მათ მეტი გამჭვირვალობა და გადასახადების გადახდა მოეთხოვებათ. ამიტომ ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც ფლობენ ოფშორულ აქტივებს, ამ აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის შეღავათებს მიიღებენ.