თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათების შემოღებას საქართველოში ოფშორული ანგარიშებიდან თანხების შემოტანისას.
საუბარია მხოლოდ იმ აქტივებზე, რომლებიც ქართულ საწარმოებს 2028 წლის 1 იანვრამდე გადაეცემათ იმ პირობით, რომ საქართველოში და ოფშორებში არსებული აქტივების 100 პროცენტი ერთი და იგივე კომპანიის ან პირის საკუთრებაშია.
პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ოფშორული კომპანიებიდან აქტივების გადაცემისას მიმღები ქართული კომპანია თავისუფლდება ამ აქტივზე იმპორტის გადასახადისგან, თუ ოპერაცია 2028 წლის 1 იანვრამდე დასრულდება.
ამასთან, ასეთ ტრანზაქციაში მონაწილე საწარმო ოფშორული კომპანიისგან საქართველოში ფიზიკური აქტივის მიღებისას 2030 წლის 1 იანვრამდე იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზეზი არის ის, რომ ოფშორული კომპანიების საქმიანობა რთულია და ხშირ შემთხვევაში მათ მეტი გამჭვირვალობა და გადასახადების გადახდა მოეთხოვებათ. შესაბამისად, ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც ფლობენ ოფშორულ აქტივებს, ამ აქტივების საქართველოში გადმოტანის სანაცვლოდ შეღავათებს მიიღებენ.