თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო და 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება ბრალდებულებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას ედავებოდა.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებმა პროკურატურის თანამშრომლის სახელით ისარგებლეს და დაზარალებულებს დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს.
მათ ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლებს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ყალბი ინფორმაცია მიაწოდეს და დაარწმუნეს, რომ თითქოსდა შეეძლოთ, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის საინვესტიციო პირობებით საკუთრებაში გადაცემა, ასევე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის მოგვარება.
აღნიშნული ქმედებით მსჯავრდებულები მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულთა კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას - 50 ათას ლარს და 30 ათას აშშ დოლარს.