სააკაშვილმა ოპოზიციას არჩევნებისთვის ერთიანი სიის შექმნისკენ მოუწოდა

დროა ამბიციები და წყენები გვერდზე გადავდოთ, განაცხადა ექს-პრეზიდენტმა
Sputnik
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოს მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყველა ოპოზიციურ ძალას გაერთიანებისკენ და საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლისკენ მოუწოდა. ამის შესახებ სააკაშვილმა 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე კლინიკა „ვივამედიდან" ჩართვისას განაცხადა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
„ჩვენი პოლიტიკოსების ამოცანაა გავერთიანდეთ. მე მხარს ვუჭერ ერთიანი სიის შექმნას არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პლატფორმაზე", - განაცხადა სააკაშვილმა.
დროა ამბიციები და წყენები გვერდზე გადავდოთ, დასძინა ექს-პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, მის მიერ დაფუძნებული ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მუშაობს შიდაპარტიული ძალების გაძლიერებაზე იმ შემთხვევაში, თუ იგი არჩევნებისთვის პარტიების გაერთიანებას ვერ შეძლებს.
„რა თქმა უნდა, თუ საერთო სია არ გამოვიდა, ჩვენ მაინც ვითანამშრომლებთ სხვა პარტიებთან და მაინც გვეყოლება ძალიან ძლიერი კანდიდატურები ყველა თანამდებობაზე", - განაცხადა სააკაშვილმა.
ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით საერთაშორისო კვლევითი ცენტრ GORBI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" მხარს უჭერს მოსახლეობის 60,4%, ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" - 12,6%, ხოლო სხვა პარტიების მხარდაჭერა პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-ს ვერ აღწევს.
პარტიული სპექტრის სრული სურათი, რომელიც 2024 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, აგვისტოსთვის გახდება ცნობილი, როდესაც პარტიები არჩევნებში მონაწილეობისთვის განაცხადის შეტანის პროცესს დაასრულებენ.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.