თბილისი, 17 აპრილი— Sputnik. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 72 ოჯახი საცხოვრებელ ფართს მიიღებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.
პროექტის განხორციელება 2018 წელს დაიწყო. საუბარია ოჯახებზე, რომლებიც დაპირებული საცხოვრებელი ფართების გარეშე იმის გამო დარჩნენ, რომ 1990-იან წლებში სამშენებლო კოოპერატივებმა დაპირება ვერ ან არ შეასრულა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულებს საცხოვრებელი ფართები დიდ დიღომში, არჩილ მეფის ქუჩის N17-ში გადაეცემათ.
„ესენი ის ოჯახები არიან, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში ელოდნენ თავიანთ საცხოვრებელ ფართებს, თუმცა დაპირება დაპირებად რჩებოდა. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით ამ პრობლემის მოსაგვარებლად და გვერდით დავუდექით მათ“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მერიამ შპს „დეკა დეველოპმენტთან“ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დაზარალებულებისთვის 5,7 ათას კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართს გამოყოფს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში, გამარჯვებული 31 ობიექტზე გამოვლინდა.
მშენებლობა დასრულებულია ხუთ პროექტზე და ფართები ფაქტობრივი მდგომარეობით 226 ოჯახს გადაეცემა.
„მშენებლობის ეტაპზეა 22 პროექტი, რომელზეც გაცემულია სამშენებლო ნებართვა და რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება 1,1 ათასამდე ოჯახი. ასევე, სანებართვო ეტაპზეა რვა პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება 680-მდე ოჯახი“, -აღნიშნა კალაძემ.
გარდა ამისა, ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზეა ერთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ფართებით, დაახლოებით, 80 ოჯახის დაკმაყოფილებაა გათვალისწინებული.
„ეს იყო ჩვენი დაპირება, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს არ დავტოვებდით ყურადღების გარეშე. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ არ დაგვრჩება არც ერთი ოჯახი ფართებით დაკმაყოფილებისგარეშე - ყველას დავეხმარებით და ის ვალდებულება, რომელიც აღებული ჰქონდა სახელმწიფოს ათეულობით წლის წინ, შესრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 3,5 ათასამდე ოჯახიდან, დღევანდელი მდგომარეობით, 2,5 ათასე მეტმა საკუთრების უფლება საცხოვრებელ ფართზე უკვე მიიღო.