14 დაკავებული პირი და ერთი დაშავებული პოლიციელი: შსს განცხადებას ავრცელებს

Sputnik
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 14 პირი დააკავეს.
„სამართალდამცველებმა არაერთხელ მოუწოდეს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომ დამორჩილებოდნენ შსს-ს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს მათი კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა", - ნათქვამია განცხადებაში.
საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ დილით დაიწყო, როდესაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური აგენტების შესახებ“ სკანდალური კანონპროექტის განხილვა დაიწყო. 11-საათიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგ კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა და სხდომა დასრულდა. აქციის მინაწილეები კი რუსთაველი გამზირზე ამ დრომდე არ იშლებიან, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმები.
კანონპროექტის ხელახალი ინიცირება, რომელიც მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციის ფონზე გაიწვია, ხელისუფლებამ იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ ერთ რიგში აყენებს საქართველოს მტრებსა და მეგობრებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.